Андрей Вознесенский
„ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?“
ილია ჭავჭავაძე
– თავად მათ ვკითხოთ!
– გლეხო, როგორი მოსავალი გქონდა სიმინდის?
– ტელევიზორში ამბობენ, რომ საქმე წინ მიდის!
– მუშავ, ცხოვრება დუ–შაშივით გისვამს კამათელს?
– ჰაერს რომ ვსუნთქვათ, ეს უფლება ჯერ არ წაგვართვეს!
– მასწავლებლებო, რეფორმების სიკეთე ნახეთ?
– როგორც ნაყოფი ადრეული, ჯერ არის მკვახე!
– პროფესორებო, „ალმა მატერს“ ემდურით იქნებ?
– ბუკინისტებიც აყარეს და ვერ ვყიდით წიგნებს!
– ჯარისკაცებო, ხომ არ გიჭერთ ქართული ჩექმა?
– ახლა ბევრნი ვართ, გაიზარდა გაწვევის გეგმა!
– პოლიციელო, რამ გიცვალა ასე იერი?
– ნაღდს აღარ ვიღებთ, როგორც ადრე მილიციელი!
– პარლამენტარო, კანონებით ვინ იგრძნო შვება?
– მეც მოკვდავი ვარ, კუჭი მაინც თავისას შვრება!
– თქვენ, მომღერლებო, ჩამოვიდნენ ბარში ტურები?
– ვისაც ვუმღერით, მის წყალობას არ ვემდურებით!
– დედაო ღვთისავ, გაგიმართლებს იმედს წილხვედრი?
– სხვა გზა გქონდათ და მგონია, რომ სხვაგან მიხვედით!
– თქვი, საქართველოვ, კიდევ რაღა უნდა ასრულდეს?
– ეს ყველაფერი, ნეტავ, როდის უნდა დასრულდეს?
დღეს მასწავლებლის დღე აღინიშნებოდა.
მასწავლებლის პროფესია ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია ჩვენს ქვეყანაში. იოლი ხომ არაა, ამდენ მოსწავლეს ასწავლო, ყურადღება არ მოაკლო... ამ დროს კი, ბევრ მასწავლებელს საკუთარი პირადული გვერდზე რჩება. არა, ისე, როცა ძალიან პატარა ვიყავი, სულ მეგონა, რომ მასწავლებელს არანაირი არათუ საყოფაცხოვრებო, არამედ ადამიანური მოთხოვნილებები და საჭიროებებიც კი არ გააჩნდა. რაღაც ჰაეროვანი, არამიწიერი არსება მეგონა. არადა, მოთხოვნილებები მასწავლებლებსაც ისეთივე აქვთ, როგორც ექიმებს, ინჟინრებს, მუშებს, გამყიდველებს, მმართველებს... უკაცრავად, მენეჯერებს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს. შრომა - არანაკლები, ხელფასი... არ მითხრათ ახლა, სხვებზე უკეთესიო. ხელფასი ისეთივე საცოდავი, როგორიც ჩვენი ქვეყანაა. ასეა!
კი, არიან ისეთი მასწავლებლებიც, რომლებსაც მე პირადად, მოსწავლეს კი არა, ორ ბატს არ მივაბარებდი გასაზრდელად, მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? პროფესიულ დღესასწაულზე მაინც გაახსენდათ ისინი იქ, "ზევით"?
დღესასწაულს გილოცავთ, მასწავლებლებო!
რა ხანია, ვოცნებობდი მფრინავი თეფშები მენახა (ოღონდ, არა მეზობლის ფანჯრიდან), უცხოპლანეტელ არსებას შევხვედროდი და გამეგო, რა ხდება იქ, სამყაროს უსასრულო სივრცეში. და აი, როგორც იქნა, სურვილი მიხდება – მეცნიერების აღმოჩენით, ჩვენს დედამიწას რამდენიმე ხომალდი უახლოვდება, რომლებშიც უცხოპლანეტელები იმყოფებიან. ამ ინფორმაციას „ვიკილიქსიც" ადასტურებსო.
ერთი ამბავია ატეხილი თურმე, საზღვარგარეთ – არიქა, უცხოპლანეტელები დედამიწას გაანადგურებენო, საშინელი ომი დაიწყებაო... დედამიწას მისივე მკვიდრი ადამიანები ისედაც ვანადგურებთ, ომებიც არც ისე იშვიათობაა და, რაღა ჩვენთვის ჯერ უცნობ უცხოპლანეტელებს ვუყურებთ ასეთი შიშით?
მე სულაც არ მგონია, რომ უცხოპლანეტელები ადამიანებზე უფრო საშიშები იყვნენ. რატომ არ შეიძლება, რომ დედამიწის დათვალიერება აინტერესებდეთ? ჩვენი გაცნობა უნდოდეთ და სამეგობროდ მოდიოდნენ? კოსმოსშორისი ტურიზმის განვითარებაზე ფიქრიც შეიძლება – სულ ტურიზმზე არ გველაპარაკებიან ჩვენი წამყვანი ტელევიზიები? ჰოდა, იმ უცხოპლანეტელი ტურისტებიდან, ალბათ, უმრავლესობა ჩვენთან ჩამოვა – რამდენი რამე გაკეთდა ტურიზმისთვის, რამდენი ახალი სასტუმრო აშენდა, რამდენი გზა დაიგო, რამდენი ძეგლი დაიდგა... თუმცა, შეიძლება უცხოპლანეტელებს ჩვეულებრივი სასტუმრო არც გამოადგეთ... უნდა ვიფიქროთ ამაზეც, სტუმარს ღირსეული დახვედრა უნდა.
იქნებ ჩვენც მიგვიპატიჟონ საკუთარ პლანეტებზე. რა კარგი იქნება! მერე, ალბათ პირველი კლასიდან ჩვენ უცხოპლანეტელების ენას ვისწავლით – აბა, მათთან საუბარი როგორ უნდა მოვახერხოთ? ალბათ, ჩვენებურ საჭმელსაც ჩავანაცვლებთ იმათებური საკვებით... საინტერესოა, რითი იკვებებიან? ზეთით? ბენზინით? აი, მერე გაძვირდება ბენზინი, თუ გაძვირდება... ტრანსპორტის საფასურიც მოიმატებს... მაგრამ, მთავარია უცხოპლანეტელებმა იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ ბევრ რამეს მივეჩვევით, შევიცვლებით... მთავარია, რომ მოდიან, მოდიან!
ჩემი უმცროსი ძამიკო,
უცნაურ კითხვებს გვისვამს და
სურს, ყველაფერი გაიგოს.
- მზე როცა ჩადის, სად ჩადის,
ან დილით როგორ ამოდის?
ღრუბელი წვიმას რომ გზავნის,
მერე იმ ღრუბელს რა მოსდის?
წრუწუნას თხილი რად უყვარს?
მელას რად უყვარს ჩიჩია?
ვინც ყოველ დილით რძეს დალევს,
მართლა მაგარი ბიჭია?
ღამურა ღამით ხომ ფრინავს?
დღისით რომ ფრინავს ბეღურა,
ბეღურას რატომ ვეძახით,
რატომ არ ჰქვია დღემურა?
გაზაფხული რომ მთავრდება,
ზაფხული თუკი იწყება,
შემოდგომას რომ მოჰყვება,
მოდგომა ერქვას, იქნება?
კითხვებს იგონებს უცნაურს,
თუმცა სულ ამას ვარიგებ:
- ბიჭო, ირაკლი, გეყოფა,
გაიზრდები და გაიგებ!
მაგრამ მაინც არ ჩუმდება,
მთელი დღე კამათს ვუნდებით:
- შენ რომ დიდი ხარ, თუ იცი,
მე რატომ არ მეუბნები?
ღამით მბრწყინავ ვარსკვლავებს?
ანდა, სავსე მთვარეს მაღლა
ვისი ხელი აკავებს?
ცისარტყელას დასახატად
რას ხმარობენ – აკვარელს?
მზე რომ ჩადის და ამოდის,
ცაზე ფეხს არ აკარებს?
ვისაც ვკითხე, არ მპასუხობს,
მხოლოდ ჭკუას მარიგებს:
– ჯერ პატარა ბიჭი ხარ და
გაიზრდები, გაიგებ!
ახლა უკვე სხვაზე მეტად
ეს კითხვა არ მასვენებს –
ნეტავ, მალე გავიზრდები,
წვიმა თუ დამასველებს?
მომეცი
ბილეთი,
სადაც არ დაიშვებიან
თექვსმეტის ზევით...
ცნობილმა პოლონელმა მწერალმა, პედაგოგმა და ექიმმა, იანუშ კორჩაკმა, თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს - "მეფე მათიუშ პირველი", წაუმძღვარა სიტყვები: "თუ წიგნში მწერალთა სურათების გამოქვეყნებაზე მიდგება საქმე, უმჯობესია მათი ბავშვობის სურათები გამოქვეყნდეს. თორემ, კაცს ეგონება, ესენი ბავშვები არასოდეს ყოფილანო."
ზოგჯერ უფროსებს ავიწყდებათ, რომ ოდესღაც ბავშვები იყვნენ. არადა, ბავშვები ბევრად უფრო კარგად, გულწრფელად და ბუნებრივად ახერხებენ დაინახონ სამყარო ისეთი, როგორიც არის; შეამჩნიონ ის, რაც ლამაზია და რასაც, სამწუხაროდ, ხშირად ვეღარ ხედავენ უფროსები; დატკბნენ გარშემო არსებული სილამაზით, თუნდაც ისეთი საოცრებით, როგორიცაა ცაზე ათასგვარი ფორმის ღრუბლის ქულები ან მზის ჩასვლა.
ამიტომ, თუკი ბავშვის თვალით შევხედავთ, არა მხოლოდ სამყაროს დავინახავთ უფრო ლამაზს, არამედ ცხოვრება გახდება უკეთესი. ბავშვები ხომ არასოდეს ტყუიან და ყოველთვის ამბობენ იმას, რასაც ხედავენ, რასაც გრძნობენ - უფროსებისაგან განსხვავებით, ხელოვნური თავაზიანობით არ დაგიკრავენ კვერს, თუკი სინამდვილეში არ გეთანხმებიან; არ მოგიწონებენ რაიმეს, თუკი მართლაც არ მოწონთ.
ვუყუროთ სამყაროს ბავშვის თვალით, ვიყოთ ერთმანეთთან გულახდილები, ბუნებრივები და ვეძებოთ ერთმანეთში მზე, რომელიც უეჭველად ანათებს ყველა ადამიანში - მთავარია, მოვინდომოთ მისი დანახვა.